
GKF • ტრადიცია და სული
ერთი სიტყვა, რომელიც აერთიანებს მისალმებას, პატივისცემას, მზადყოფნას, გამძლეობას და კიოკუშინ კარატეს მთელს მსოფლიოს.
“ოსს!” — ეს არის მეტი, ვიდრე მარტივი ძახილი. ეს არის კიოკუშინ კარატეს სულის ნაწილი, რომელსაც ვამბობთ განსხვავებული მნიშვნელობებით, მაგრამ ერთი და იგივე გრძნობით: პატივისცემით, ერთგულებით და მზადყოფნით.
“ოსს!” – ეს არის ტრადიციული ფორმა მისალმების, დამშვიდობების, გაგების გამოხატვის, მზადყოფნის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.
კარატეში არ არსებობს სიტყვა – “არა”, არის მხოლოდ “ოსს!”, რაც ნიშნავს “დიახ”.
ყველა, ვინც ვარჯიშობს კარატეს, შეხვედრისას და დამშვიდობებისას ერთმანეთს არ ეუბნებიან “გამარჯობა”, ან “ნახვამდის”, არამედ “ოსს!”.
მოსწავლე პასუხობს თავდახრით და ძახილით – “ოსს!”, დარბაზში შესვლისას და გამოსვლისას, როდესაც მას მიმართავს მასწავლებელი, ან როდესაც წარმოთქვამს მის სახელს, ან გვარს. მასწავლებელთან მიმართვისას მოსწავლე ამბობს “სენსეი, ოსს!”, რითაც ღიად გამოხატავს მოწიწებას და პატივისცემას მასწავლებლის მიმართ.
შეჯიბრებისას “ოსს!” – ეს არის ორთაბრძოლის რიტუალის განუყოფელი ნაწილი, შეჯიბრების მონაწილის საბრძოლო სულისკვეთების დემონსტრირება, მისალმება მოწინააღმდეგეს, მსაჯებს და რეფერის.
ნებისმიერი ფიზიკური რთული ილეთების შესრულებისას (მუშტებზე აზიდვა, წამოხტომა, პრესი და სხვ.), როდესაც არაქათი გამოცლილია და საჭიროა ვაიძულოთ საკუთარი თავი გადავლახოთ ყოველივე დაღლილობა და ტკივილი, ვამბობთ “ოსს!” (შევძლებ, გავუძლებ, ვუძლებ).
როდესაც ჩვენ თავს ვხრით და წარმოვთქვამთ სიტყვას “ოსს!”, ამით გამოვხატავთ ყველას პატივისცემას, ვინც ვარჯიშობს კიოკუშინ კარატეს მთელ მსოფლიოში.
OSU“ოსს!” — ეს არის მზადყოფნა, პატივისცემა და ერთგულება. ეს არის სიტყვა, რომელსაც კიოკუშინ კარატეს მებრძოლები მთელ მსოფლიოში ერთად ვაჟღერებთ.
მობრძანდით საცდელ ვარჯიშზე და შეიგრძენით კიოკუშინ კარატეს ტრადიციები პრაქტიკაში.