სტატიების სია
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"

იაპონიის ქართველი ჩემპიონი

28.09.2011 ქეთი ჯაყელი

უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, 14 აგვისტოს, იაპონიის ქალაქ ჰირაცუკაში – პირველად კარატეს ისტორიაში იუნიორთა შორის იაპონიის ჩემპიონი არაიაპონელი გახდა; ქართველთა სასახელოდ, ეს ჩვენი თანამემამულე – ლაშა ოზბეთელაშვილი გახლავთ.

ჰირაცუკაში იაპონიის ჩემპიონობას 18 წლამდე ასაკის კარატისტები ედავებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ხელი მოეცარათ, რადგან ჩემპიონის ტიტული აბსოლიტურ წონით კატეგორიაში და ამავე დროს ჩემპიონობის გარდამავალი თასი, რომლითაც საუკეთესო მებრძოლი ჯილდოვდება 17 წლის ქიზიყელმა ახალგაზრდამ – ლაშა ოზბეთელაშვილმა იგდო ხელთ და შანსი არ დაუტოვა იაპონელ თანატოლებს.

ეს პირველი შემთხვევაა იაპონიის ჩემპიონატის ისტორიაში, როდესაც ჩემპიონობა და ისტორიული ქალაქის მიერ საუკეთესოს მებრძოლის ტიტულისათვის დაწესებული გარდამავალი თასი იუნიორთა შორის უცხოელმა დაისაკუთრა.

ჩვენმა თანამემამულეებმა არაფერი დაიშურეს, რომ მიეღოთ მონაწილეობა იაპონიის ჩემპიონატში, რითაც ერთგვარი სოლიდარობა გამოუცხადეს იაპონელ ხალხს, რომელიც რამდენიმე ძლიერი სტიქიური მოვლენის ეპიცენტრში აღმოჩნდა და საგრძნობლად დაზარლდა.

უკვე წლებია ძმები კაკაბაძეები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უდიდეს საქმეს არიან შეჭიდებულნი, – ისინი ჯანსაღ თაობას უზრდიან სამშობლოს.

ქეთი ჯაყელი

P.S. წერილი დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც მშვიდობის აღსანიშნავ საერთაშორისო დღესასწაულზე, ლაშა ოზბეთელაშვილს გადაეცა მშვიდობის ახალგაზრდა ელჩის საპატიო დიპლომი.